2025 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნათია გოგსაძის საქმე განიხილა და ის 5 000 ლარით დააჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის განცხადებით, ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა. მოსამართლე ცაგარეიშვილი ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
შეტყობინება დაჯარიმების თაობაზე ნათია გოგსაძემ ჯერ კიდევ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ტელეწამყვანობის პერიოდში, 2025 წლის 13 თებერვალს მიიღო. მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით, შინაგან საქმეთა სამინსტრო ჟურნალისტს 2025 წლის 2 თებერვალს, პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.
რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ასევე 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს, მარიამ ქავშბაიას.
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაზე მყოფი, ან მომუშავე ჟურნალისტის მიმართ ოქმის შედგენის 35 -ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.