11-11-2025
ქუთაისი
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მედიას დასწრების და გაშუქების საშუალება შეუზღუდეს

2025 წლის 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის  განხილვა დაიწყო. მაღალი საჯარო ინტერესის გამო, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად, მისი კოლეგები და გულშემატკივრები, ქუთაისში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ, თუმცა, მათი უმეტესობა სასამართლო დარბაზში ვერ შევიდა – სასამართლო პროცესი მცირე, 24-კაციან დარბაზში გაიმართა და ადგილები სწრაფად შეივსო. პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს იმ ჟურნალისტებმაც, რომელთაც პროცესის გაშუქება სურდათ. მეტიც, სასამართლოს დაცვამ ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა და მზია ამაღლობელის კოლეგებსა და გულშემატკივრებს სასამართლოს ეზოში შესვლაც შეუზღუდა. 

მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს. თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის. დაკავებიდან რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე, თუმცა მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნის ფაქტზე, უკვე სისხლის სამართლის წესით. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა, ამაღლობელი  დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და ჟურნალისტს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში ამ განაჩენს ასაჩივრებს და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს, განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც, ბრალდების მხარე ისევ 4-დან 7 წლამდე სასჯელს ითხოვს.

ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების, ასევე, ევროპარლამენტარების შეფასებით, მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშსწორებას, ისინი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. 

Share
11-11-2025
1
მუშაობაში ხელშეშლა | საჯარო შეხვედრაზე არდაშვება
სასამართლო
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ქუთაისი