გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოცხადების დღეს მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.
მზია ამაღლობელის დაცვის მხარე, მას შემდეგ, რაც განაჩენი ჩაბარდება, საქმის გასაჩივრებას გეგმავს.
მზია ამაღლობელი მიმდინარე წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო რამდენიმე საათში, 12 იანვარს, სისიხლის სამართლის წესით.