2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი გამოცემა “პუბლიკა” “უცხოეთიდან დაფინანსებულ, პროპაგანდისტულ” მედიად მოიხსენია და დეზინფორმაციის გავრცელების კოორდინირებულ ქმედებაში დაადანაშაულა.
შალვა პაპუაშვილი “პუბლიკას” ერთ-ერთ ოპოზიციონერ აქტივისტზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გავრცელებული მასალის გამო დაესხა თავს. (არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა წევრს, იგორ ნარმანიას, რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა). “პუბლიკა”, უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, რომელიც ავრცელებს ყალბ ინფორმაციას იგორ ნარმანიასთან დაკავშირებით”(ტაიმკოდი: 3:55 – 4:37) – ამ ტექსტით, შალვა პაპუაშვილი “პუბლიკას” ჩამოთვლის იმ აქტორებს შორის, რომლებიც “კოორდინირებულად მოქმედებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ, რითაც ერევიან ქართულ არჩევნებში”.
გამოცემა “პუბლიკამ” შალვა პაპუაშვილის მორიგი თავდასხმა მათ მიმართ სიძულვილისა და ძალადობის წახალისებად შეაფასა. “ერთხელ უკვე გამოვეხმაურეთ შალვა პაპუაშვილის თავდასხმას და კვლავ ვახსენებთ: ,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას. ჩვენი გამოცემის, რომელიმე ჟურნალისტს რამე თუ მოუვა, პასუხისმგებელი იქნება პაპუაშვილი”, – ამ პოსტით უპასუხა შალვა პაპუაშვილს გამოცემის რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.
ბოლო პერიოდში “პუბლიკა” არაერთხელ გახდა შალვა პაპუაშვილის თავდასხმის სამიზნე. მაგალითად, 2025 წლის 19 მაისს, პაპუაშვილი “პუბლიკას” თავს დაესხა დეპუტატ მარიამ ლაშხზე გავრცელებული ინფორმაციის გამო. უფრო ადრე, 1-ელ თებერვალს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდებაში დაადანაშაულა აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის.