2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი სტუდია TOK2region დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და “პარტიულ მედიად” მოიხსენია. პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა TOK2region-ის მიერ ახალციხის მე-4 საარჩევნო უბნიდან გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ჩანს ორი ამომრჩეველი ერთ საარჩევნო კაბინაში.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სინამდვილეში ერთ-ერთ ამომრჩეველს მხედველობის პრობლემების გამო მეორის დახმარება სჭირდებოდა. “ახალციხე, მე-4 უბანი, სადაც ასევე პარტიული მედიის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის კონტროლს. სინამდვილეში საქმე ეხებოდა ამომრჩეველს, რომელსაც აქვს დაქვეითებული მხედველობა, მან ითხოვა დახმარება და გაუწიეს დახმარება ბიულეტენის შევსებისას” , – ამბობს შალვა პაპუაშვილი, ფონად ეკრანზე ჩანს TOK2region-ის კადრი, რომელსაც დიდი ასოებით აწერია FAKE [ტაიმკოდი: 1:11 -1:41].
პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, TOK2region-მა გამოაქვეყნა სრული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველს დახმარება არ უთხოვია, პირიქით, მას შემდეგ, რაც უბნის კომიიის თავმჯდომარემ შენიშნა, რომ მედია ამ ფაქტს იღებდა, მან ამომრჩევლებს შენიშვნა მისცა. “დეზინფორმაციაა, ის ბრალდება რასაც ჩვენი მედიის შესახებ თავად შალვა პაპუაშვილი ავრცელებს, როცა დამოუკიდებელ რედაქციას ,,პარტიულ მედიას“ უწოდებს და ბრალს სდებს იმ ტექსტის გავრცელებაში, რაც TOK2region-ს არსად გაუვრცელებია, რასაც ჩვენი რედაქცია განიხილავს მორიგ თავდასხმად”, – ნათქვამია TOK2region-ის განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, უკვე დიდი ხანია მანკიერ ტენდენციად იქცა. CMIS ინციდენტების არქივში “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მედიაზე თავდასხმის 10-მდე მეტი შემთხვევა იძებნება. დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია, შალვა პაპუაშვილის მხრიდან, 4 ოქტომბერსაც განსაკუთრებული სამიზნე იყო.
შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი
TOK2region
TOK2region (სრული მასალა)
TOK2regon-ის განცხადება