08-06-2026
თბილისი
პარლამენტი ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესს  

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს. ერთ-ერთი საკითხი შეეხება პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის არჩევის წესს არეგულირებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ სამეურვეო საბჭოში ვაკანსია გამოცხადდება, რომელი სუბიექტის კვოტით არჩეულ წევრზეც გამოცხადდა ვაკანსია, ის სუბიექტი პირდაპირ შეარჩევს სასურველ ერთ კანდიდატურას და პარლამენტს განსახილველად წარუდგენს.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება. პარლამენტი მეურვეებს ირჩევს: ორს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, სამს საპარლამენტო ოპოზიციის წარდგინებით და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

მოქმედი რეგლამენტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურა ღია კონკურსით შეირჩევა. კონკურსს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. იქმნება 9-წევრიანი კომისია, რომელიც შეარჩევს კანდიდატებს, წარდუგენს უფლებამოსილ სუბიექტებს, შერჩეული კანდიდატებიდან კი სუბიექტები შეარჩევენ პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატურებს.  პაპუაშვილი ამბობს, რომ  ეს რეგულაცია აბსურდულია, რადგან საკანონმდებლო ორგანო საკუთარ პროცედურებს გარე ჩარევების გარეშე ვერ ადგენს. ამიტომ, საზმაუს მეურვის არჩევის პროცედურა საპარლამენტო დემოკრატიის მთავარ პრინციპთან – საპარლამენტო სუვერენიტეტთან უნდა დაახლოვდეს. 

“შემოთავაზება არის ასეთი: იყოს პროცედურა, რომ თუკი არის ვაკანსია, რომელიც სუბიექტის კვოტის ფარგლებშიც არის ეს ვაკანსია, იმ სუბიექტმა თავად, როგორც უნდა, ისე შეარჩიოს [კანდიდატურა]. შეუძლია, კონკურსი ჩაატაროს, რაც უნდა, ის ქნას,  უმრავლესობა იქნება, ოპოზიცია, სახალხო დამცველი თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. მაგრამ პარლამენტთან ურთიერთობაში ამ სუბიექტმა წარმოუდგინოს პარლამენტს ერთი კანდიდატურა. თქვას, რომ აგერ არის ვაკანსია, მე მაქვს უფლება კანდიდატის დასახელების, ვასახელებ ამ კანდიდატს და არა სხვების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან  სამს და კიდე შენ აირჩიე იმ სამიდან რომელი იყოს”, – განაცხადა  პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, წარდგენილ კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი შეაფასებს და შემდეგ კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე კენჭისსაყრელად წარდგება. პარლამენტი რეგლამენტში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას და მიმდინარე სასესიო კვირაში მიღებას გეგმავს.
 
“მედიის ადვოკატირების კოალიციის” შეფასებით, ეს ცვლილებები ქმნის დამატებით რისკებს მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის. “ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამცირებს გამჭვირვალობას და აძლიერებს გავლენების რისკს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც უკვე წლებია „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და რომლის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელ და პროფესიონალ ჟურნალისტებს დევნის”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

Share
08-06-2026
1
მედიის შემზღუდავი კანონის მიღება
ადმინისტრაციული ორგანო | საქართველოს პარლამენტი
თბილისი