12 ნოემბერს, თიკო ერაძემ გაავრცელა პარლამენტის პლენარულ დარბაზში გადაღებული ვიდეო, სადაც მან ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ლოჟიდან გადაიღო “ქართული ოცნების”დეპუტატი ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ტელეფონით უსმენდა ვიდეოჩანაწერს. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე თიკო ერაძემ თავად გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მას აკრედიტაციას შეუჩერებდნენ.
13 ნოემბერს, პარლამენტის აპარატის უფროსის წერილით, ჟურნალისტისთვის ცნობილი გახდა, რომ მას აკრედიტაცია, ერთი თვის ვადით, შეუჩერდა. წერილში განმარტებულია აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი: “მედიისთვის განკუთვნილი ადგილიდან ნებართვის გარეშე გადაიღეთ პარლამენტის წევრის, ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ეკრანი.”
“ქართული ოცნების” მხრიდან, პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა საქმიანობის შეზღუდვა 2023 წლის 6 თებერვლის საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის წესის დამტკიცებას უკავშირდება. ახალი რეგულაციები ითვალისწინებდა ისეთ შეზღუდვებს, როგორიცაა წინასწარი ნებართვის გარეშე გადაღების აკრძალვა, პარლამენტის წევრის უარის შემთხვევაში ჟურნალისტის ვალდებულებას შეწყვიტოს ინტერვიუ, ასევე, პარლამენტის წევრის, თანხმობის გარეშე ჟურნალისტმა არ უნდა გადაიღოს მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს. აღნიშნულ ცვლილებებს კრიტიკა მოჰყვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან, მათი განცხადებით მსგავსი რეგულაციები ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას შეუძლებელს ხდიდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი მედიის აკრედიტაციის წესებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყენებს.