24-11-2025
თბილისი
პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

24 ნოემბერს, პარლამენტმა ერთი თვით შეუჩერა აკრედიტაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ საგამოძიებო გადაცემის, „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტ დეა ბაძაღუას. აკრედიტაციის შეჩერება ჟურნალისტისთვის მოითხოვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ.

„შაბათის ფორმულას“ ეთერში გავიდა სიუჟეტი [18:41 წთ და 20:02 წთ], სადაც ჩანს, რომ დეა ბაძაღუა ცდილობს, კითხვები დაუსვას „ქართული ოცნების“ დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას, წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. ამ ინტერვიუს ტელეფონით იღებს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, მაია ბითაძე. როგორც ჟურნალისტი ჰყვება „ფორმულას“ ეთერში, მას მაია ბითაძესთან კითხვები არც ჰქონია, თუმცა დეპუტატი გაღიზიანდა მისი კოლეგისთვის დასმული შეკითხვების მოსმენით.

„აღსანიშნავია, რომ ის [მაია ბითაძე] მაშინვე დაგვემუქრა დასანქცირებით და, როგორც ჩანს, აღასრულა კიდეც ეს… საპარლამენტო ორგანოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრიტიკული მედიის არცერთ კითხვას არ პასუხობენ“, – თქვა ჟურნალისტმა დეა ბაძაღუამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

13 ნოემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, თიკო ერაძეს შეუჩერეს აკრედიტაცია, რომელმაც გაავრცელა პარლამენტის პლენარულ დარბაზში გადაღებული ვიდეო, სადაც მან ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ლოჟიდან გადაიღო „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ტელეფონით უსმენდა ვიდეოჩანაწერს.

Share
24-11-2025
1
აკრედიტაციის შეჩერება | მუშაობაში ხელშეშლა
პარლამენტის წევრი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
თბილისი