საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ცალკეულ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით შეუჩერდებათ. ასევე, დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით გაუუქმდეს მთლიანად მედიასაშუალებას.
ამ ცვლილებების გამართლება, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის გამოცდილების გაზიარების სურვილით ახსნა. პარლამენტში მედიისთვის წესების შესაძლო გამკაცრებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაპირველად, 14 მაისს განაცხადა. მისი ეს განცხადება, მაშინ, ევროპარლამენტის მიერ პროსამთავრობო, ბრიტანეთის მიერ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირებული “იმედისთვის” აკრედიტაციის შეჩერებას მოჰყვა.
„დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის არის პირველ ჯერზე ერთი თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორების შემთხვევაში არის ექვსი თვე. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთწლიანი შეჩერებაც არსებობს. ამიტომ, დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპარლამენტის სისტემასთან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
აქამდე, საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია. პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტი სანქციას მედიის წინააღმდეგაც იყენებს, ამიტომ, “ამ გამოცდილებასაც გაიზიარებენ” და შესაძლებელი გახდება, მედიას გაუუქმდეს აკრედიტაცია ერთი წლით.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” ცვლილებებს აფასებს, როგორც მედიისთვის მუშაობაში ხელშეშლას. “ევროპარლამენტის რეგულაციების დანერგვის საფარქვეშ პარლამენტი აგრძელებს დამოუკიდებელი მედიისთვის საქმიანობის გართულებას საკანონმდებლო ორგანოში. მედიის აკრედიტაციის მექანიზმები პარლამენტში უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ახალი რეგულაციები კიდევ უფრო გააძლიერებს მედიის მიმართ შერჩევითი და დამსჯელი მიდგომების გამოყენების საფრთხეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის წესების გამკაცრება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო. პარლამენტში შემოიღეს უსაფრთხოების რამდენიმე ზომა, რა დროსაც, პარლამენტში არააკრედიტებულ ჟურნალისტებს შესვლა ეკრძალებათ. ასევე, შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერება, დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი ამოქმედდა, რამაც ასევე დამატებითი ბარიერები შეუქმნა ჟურნალისტებს. ყველა ეს ზომა, ჟურნალისტების წინააღმდეგ, არაერთხელ გამოიყენეს.