25-08-2026
თბილისი
პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრისთვის ლაშა ბუღაძის რომანის გადაცემა „გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურის“ მოტივით შეზღუდა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თავისუფლებააღკვეთილ ნანა სანდერს ლაშა ბუღაძის რომანი „დამკვირვებელი“ არ გადასცა. უწყებამ უარი წიგნის სათაურის „ბუნდოვანებითა“ და მისი შინაარსის „გაურკვევლობით“ ახსნა.

ორგანიზაცია „საფარისთვის“ გაგზავნილ წერილში პენიტენციური სამსახური მიუთითებს, რომ რომანის სათაური „არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით“. უწყების განმარტებით, „გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა“, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს პატიმრის უსაფრთხოებას ან დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ციხეში ვერ იქნება შეგზავნილი. „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია აცხადებს, რომ ნანა სანდერს ინფორმაციის მიღების უფლება შეეზღუდა. ლაშა ბუღაძე კი პენიტენციური სამსახურის განმარტებას დისკრიმინაციულად და ცენზურის მცდელობად აფასებს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) შეფასებით, წიგნის პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანაზე უარი უხეშად არღვევს თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებებს და ცენზურის შემაშფოთებელ მაგალითს წარმოადგენს. საია მიუთითებს, რომ წიგნის სათაურზე აბსტრაქტული მითითება ვერ ამართლებს ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვას.

აღსანიშნავია, რომ „დამკვირვებელი“ დისტოპიური რომანია, რომელიც საქართველოში დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მმართველობას შეეხება. აგვისტოში წიგნი, სხვა გამოცემებთან ერთად, „ბიბლუსის“ ერთ-ერთ ფილიალში ვანდალიზმის სამიზნეც გახდა.

Share
25-08-2026
1
1
კაცი: 1
ცენზურა (1)
ადმინისტრაციული ორგანო | პენიტენციური სამსახური
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი