2025 წლის 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოდგომის სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე აღარ გავა აღარც რუბრიკა “ადამიანები ისტორიიდან”. რუბრიკის წამყვანმა, დიმიტრი სილაქაძემ, უარი თქვა შეთავაზებაზე გადასულიყო სხვა გადაცემაში და არხის დატოვება გადაწყვიტა. დიმიტრი სილაქაძე ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილე და მხარდამჭერია და მათ შორისაა, ვინც აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას.
„ეს ჩემი ბოლო გადაცემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე… ვუსურვო ჩვენს მსმენელს წარმატებები. ასევე, ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, გაძლიერება, სამართლიანი ქვეყნის ჩამოყალიბება და ყველაფერი კარგი, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ ქვეყანას უსურვო“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა წამყვანი მაყურებელს სეზონის ბოლო, 29 ივლისის გადაცემაში.
მისი რუბრიკა „ადამიანები ისტორიიდან“ ჯერ გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“ ეთერით გადაიცემოდა, 2024 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, გადაცემა „შუადღის პიკის საათში“ გადაინაცვლა.
ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მენეჯმენტი აჩერებს მიმდინარე პროექტსა თუ რუბრიკას: 1-ლი აგვისტოდან ეთერში აღარ გავა გადაცემა “ამ შაბათ-კვირას” და შეწყდება ჟურნალისტ ია ანთაძის საავტორო პროექტიც – სტატისების სერია სახელწოდებით – “საინტერესო ადამიანები”. “ამ შაბათ-კვირის” ყველა სხვა წევრმაც (7-მა ჟურნალისტმა) და ია ანთაძემაც არხი დატოვეს. გადაცემის გუნდმა ასევე უარი თქვა შეთავაზებაზე გადანაწილებულიყვნენ ტელევიზიისა და რადიოს სხვადასხვა გადაცემებში.უფრო ადრე, მაისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა ყველაზე ცნობადი, სოციალური გადაცემა “რეალური სივრცე” და მის წამყვანთან ნინო ზაუტაშვილთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან მათთვის დისციპინური სანქციების დაკისრება საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროევროპული პროტესტის პარალელურად დაიწყო. ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დისციპლინარული წარმოების საშუალებით სამსახურიდან დაითხოვეს ან დისციპლინარული სანქცია დააკისრეს 20-ზე მეტ თანამშრომელს.