23 ნოემბერს, პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც პლატფორმა “სინათლე მედიის” დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. „სინათლე მედია“ 21 დამოუკიდებელი ონლაინმედიის გაერთიანებაა, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა საკანონმდებლო რეგულაციებმა მედიასაშუალებები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. კერძოდ, გაზაფხულზე დამტკიცებული კანონები მედიას გრანტების მიღებას უზღუდავს, „უცხო ძალის“ გამტარებელ ორგანიზაციებად აცხადებს და სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხეს უქმნის. მედიებმა გაერთიანება და საზოგადოებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნა გადაწყვიტეს.
„იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის სათაური იყო „უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი“. გადაცემის წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე, ამტკიცებდა, რომ „გაანალიზებულია, როგორ მოქმედებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გასაიდუმლოებული სცენარებით“, რა დროსაც ზემოთ მოცემული მედიასაშუალებები ამ სცენარის ნაწილებად არიან წარმოჩენილები ამის შემდეგ 15-წუთიანი სიუჟეტში, მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ გაჟღერდა, თითქოს მედიებმა დაფინანსების სახით 17 მილიონი ლარი მიიღეს.
პროსამთავრობო არხზე გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს „სინათლე მედია“ განცხადებით გამოეხმაურა:
„ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, სადაც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები და ადგილობრივი პროპაგანდისტების მიერ სახელდახელოდ შეთხზული აშკარა ტყუილები ერთმანეთშია გადახლართული, ერთიანი განცხადებით მივმართავთ თვითრეგულირების ორგანოს და მოვითხოვთ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას, ასევე ვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ“.