2026 წლის 11 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“, ირანის საელჩოს ორგანიზებით გამართულ, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უცნობმა პირებმა ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალეს – ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და გადაუგდო, შემდეგ გადაღებული მასალის წაშლა აიძულეს და დასარწმუნებლად რომ მასალა ნამდვილად წაშალა, უნებართვოდ დაათვალიერეს ჟურნალისტის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, მისი პირადი ფოტო-ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები. გამოცემის ინფორმაციითვე, ჟურნალისტს გამოართვეს პრეს-ბარათი და პირადობა, და ფოტოები გადაუღეს მასაც და დოკუმენტებსაც.
როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი ადგილზე ღონისძიებისა და ირანელი აქტივისტი ქალის საპროტესტო პერფორმანსის გასაშუქებლად იმყოფებოდა. „პუბლიკა“ ვარაუდობს, რომ ინციდენტს შეესწრნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა ვინაიდან პირები სამოქალაქო ტანსაცმლით იყვნენ და კითხვებზე ბუნდოვან პასუხებს იძლეოდნენ, გამოცემამ მათი ვინაობისა და პოზიციების დადგენა ვერ შეძლო.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტით და შესაბამისი ზომები მიიღონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.