10-10-2025
ბათუმი
“ქართული ოცნების” მორიგი თავდასხმა “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე

2025 წლის 10 ოქტომბერს, “ქართულმა ოცნებამ” “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, პატიმარი მზია ამაღლობელი მოძალადედ და “დიფსთეითის დავალებების შემსრულებლად” მოიხსენია. “ქართული ოცნების” ეს განცხადება მზია ამაღლობელისთვის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას მოჰყვა. 

“გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციას და ამ ქმედებით სილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგაოდების, დაცინვას თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ”, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა, გიორგი გრძელიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბრიფინგი მეტწილად სწორედ მზია ამაღლობელისთვის ჯილდოს გადაცემის თემას დაეთმო.  „მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა…“, – განაცხადა “ქართული ოცნების” სპიკერმა სპეციალურ ბრიფინგზე.

2025 წლის 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი, რომელსაც “ქართული ოცნების” სასამართლომ, პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს 2025 წლის გამარჯვებულებს შორისაა. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. 2025 წლის ჯილდოს მფლობელად ჯამში 7 ჟურნალისტი დასახელდა. „წლევანდელი ჯილდოს მფლობელები მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტების წინაშე არსებული საფრთხეების მაგალითები არიან, როცა ავტორიტარიზმი იკიდებს ფეხს, დაუსჯელობა ჭარბობს და გამოხატვის თავისუფლების წინაშე ახალი გამოწვევები ჩნდება“, – განაცხადა IPI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Share
10-10-2025
1
დისკრედიტაცია | ვერბალური თავდასხმა
პარტია "ქართული ოცნება"
პროფესიული ნიშნით დევნა
ბათუმი