მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა, რადიო “მარნეულს”, პარტიის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წაშლა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.
შემთხვევა 2025 წლის 9 სექტემბერს მოხდა. როგორც რადიო “მარნეული” აღწერს, მათ სოციალურ ქსელში გააზიარეს ერთ-ერთი აქტივისტის პოსტი, რომელიც დმანისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გამლეტ ისმაილოვის სავარაუდო დანაშაულებს შეეხებოდა. აქტივისტი წერდა, რომ პარტიის კანდიდატი დმანისში, კარაბულახის თემში და ამავე სოფლის სკოლის დირექტორი, წლების წინ თავისივე არასრულწლოვან მოსწავლეზე დაქორწინდა. პოსტში აქტივისტი ასევე ახსენებდა, რომ ისმაილოვმა დამალა ინფორმაცია სკოლის სხვა არასრულწლოვანი მოსწავლის იძულებითი ქორწინების შესახებ, რომელიც ფემიციდის მსხვერპლი გახდა. ამ პოსტის გაზიარების შემდეგ რედაქციაში მაჟორიტარობის კანდიდატის სახელით არაერთი ზარი შევიდა, ჯერ პოსტის წაშლა მოითხოვეს, შემდეგ კი ჩივილით დაემუქრნენ.
ამ ფაქტის შემდეგ, რადიო “მარნეულს” სასამართლოში ჩივილით დაემუქრა “ქართული ოცნების” მოქმედი მერი დმანისში, კობა მურადაშვილიც, რომელსაც ჟურნალისტმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის მისაღებად დაურეკა.