რეჟისორ უტა ბერიას განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ მსოფლიო პრემიერამდე საპროდიუსერო კომპანიას გაფრთხილების წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა. ბერიას თქმით, კინოცენტრმა მსგავსი შინაარსის წერილი ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალსაც გაუგზავნა.
რეჟისორი აცხადებს, რომ პრობლემები ჯერ კიდევ ფილმის წარმოების ეტაპზე დაიწყო. მისი თქმით, 2022 წელს კონკურსში გამარჯვებით მოპოვებული დაფინანსების ნაწილი – 500,000 ლარის თითქმის ნახევარი – ეროვნულმა კინოცენტრმა გაურკვეველი მიზეზით არ ჩარიცხა. ბერიას შეფასებით, კინოცენტრი ჯერ ფილმის დასრულების შეფერხებას ცდილობდა, ახლა კი ცდილობს, ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს.
ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ ნაწილობრივ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს არის გადაღებული. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მიღებული ჯილდო ბერიამ 2024 წლის პროევროპული აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს მიუძღვნა, რომელსაც მან „საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარი“ უწოდა.
კინოცენტრის განცხადებით, ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას ბიუჯეტიდან 279,625 ლარი აქვს მიღებული. უწყების განმარტებით, ვინაიდან საპროდიუსერო კომპანიამ ფილმის დასრულებული ვერსია ეროვნულ კინოცენტრს არ წარუდგინა „დადგენილი პროცედურების შესაბამისად“, ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა შეუძლებელი გახდა. კინოცენტრის ცნობით, აღნიშნული გარემოებები ლოკარნოს კინოფესტივალსაც აცნობეს.
მიუხედავად ამისა, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა მიეცა. ფილმმა ფესტივალზე დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო.
რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი კინოცენტრის მოქმედებას ცენზურად აფასებს. მისი თქმით, ეს არის „ავტორიტარული რეჟიმის ცენზურა“ ფილმზე, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობს. სოლომონაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, გააჩუმოს რეჟისორები, მწერლები და ხელოვანები, რადგან „ღირსეული ხელოვნება არის სიმართლე, დიქტატორულ რეჟიმს კი სიმართლე არ სჭირდება“.