12-06-2025
თბილისი
ადმინისტრაციული ორგანო
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
საკანონმდებლო ცვლილებები ზღუდავს მედიის გამოხატვის თავისუფლებას

12 ივნისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები. კერძოდ, ცვლილებით გრანტად ჩაითვლება ტექნიკური და საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი ტიპის კონტრიბუციაც.

აღნიშნული ცვლილება მოსდევს კანონში უკვე შეტანილ, აპრილის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტების მისაღებად საჭირო გახდა მთავრობის ან მისი უფლებამოსილი პირის თანხმობა. “ქართული ოცნება” ამას სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის მექანიზმად აფასებს, მაშინ როცა სამოქალაქო სექტორის შეფასებით ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად.  არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის საერთაშორისო გრანტები დამოუკიდებლად მუშაობის ძირითადი წყაროა. აღნიშნული ცვლილებები განიხილება იმ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილად, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული.

მანამდე, 2025 წლის 16 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ”  “გრანტების შესახებ” კანონში მიიღო სხვა ცვლილებები:

  • გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობას;
  • გრანტის მიმღები, თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით;
  • ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება დამატებითი უფლებამოსილება, როგორიცაა – პირისგან ფინანსური ანგარიშის მოთხოვნა, ასევე ფიზიკური პირის გამოკითხვის უფლება; 
  • ანტიკორუფციული ბიურო საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან შეძლებს გამოითხოვოს “განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი”.

“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ

აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

Share
12-06-2025
მედიის შემზღუდავი კანონი | სამართლებრივი ინციდენტები
ადმინისტრაციული ორგანო
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი