სასამართლომ ძალაში დატოვა სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ ფრანგ ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა გაუუქმდა.
ფრანსის პრიმერსკიმ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში აპრილში გაასაჩივრა და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ადვოკატის განმარტებით, პრიმერსკი საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და დროებითი ბინადრობის ნებართვა ჰქონდა. მიმდინარე წლის მარტში ნებართვა მას მეორედ გაუხანგრძლივდა, თუმცა გაცემიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად ეცნობა, რომ სააგენტომ მისთვის მინიჭებული მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა გააუქმა.
ადვოკატის თქმით, სააგენტოს გადაწყვეტილებაში კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მითითებული არ არის, რის გამოც უცნობია, რა ფაქტებს დაეფუძნა გადაწყვეტილება. აქტში მხოლოდ სამართლებრივი ნორმაა მითითებული, რომლის მიხედვითაც, თითქოს ფრანსის პრიმერსკის საქართველოში დარჩენა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმიანობას დაბრკოლებები ექმნება. პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა, მათ შორის, ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის, საზღვრის კვეთის შეზღუდვის, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარისა და უკვე გაცემული ნებართვის გაუქმების სახით. აღნიშნული შემთხვევები აჩენს კითხვებს მსგავსი გადაწყვეტილებების სამართლებრივი საფუძვლებისა და მათი შესაძლო გავლენის შესახებ ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმიანობაზე. ამ შემთხვევებს CMIS დეტალურად აღწერს.