“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაიღონ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის, სასამართლო პროცესი. ეს არის პირველი შემთხვევა, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებების შედეგად მედიას სასამართლო პროცესის გადაღება აეკრძალა როცა იუსტიციის საბჭომ გადაღების ნებართვა გასცა. “იმედის” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მათ იუსტიციის საბჭოს 28 ივლისს მიმართეს და მეორე დღეს ნებართვა მიიღეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის 26 ივნისს მიიღო ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში, რომლის თანახმად, სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია აიკრძალა. გადაღებაზე ნებართვა კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს. კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებმა კანონის ამოქმედებიდან დღემდე არაერთი განცხადება შეიტანეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა, მათ ამ დრომდე არცერთხელ არ მიუღიათ პასუხი.
მეტიც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაერთხელ მოუწოდეს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, რომ დროულად შეემუშავებინა სხდომების გადაღებაზე ნებართვის გადაცემის პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემდა, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, სწრაფად მიეღო პასუხი განცხადებებზე. თუმცა ამ დრომდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უკუკავშირი არავის მიუღია.