2025 წლის 25 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხურავს გადაცემას “ამ შაბათ-კვირას“. არხის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდს – პროდუსერებს, ჟურნალისტებსა და გადაცემის წამყვანებს სხვა გადაცემებში გადასვლა შესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცნობა, რომ მათთან თანამშრომლობა შეწყდებოდა.
ეს თანამშრომლები არიან: გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერები -თამარ ჭინჭარაული და მარიამ ფირცხალავა , პროდუსერი ნია ბარაბაძე, ჟურნალისტი ანა აბაკელია და გადაცემის წამყვანები – ლიკა ევგენიძე და გიორგი შარვაშიძე.
მაუწყებლის დირექტორის, თინა ბერძენიშვილის მიერ გადაცემის გუნდის წევრებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ გადაცემას საპროექტო ვადა 1 აგვისტოს ეწურება და მისი გაგრძელება აღარ იგეგმება, რადგან მაუწყებელს აღარ აქვს ამ გადაცემის საჭიროება: „ახალი სატელევიზიო სეზონიდან, განახლებული საეთერო ბადის შუადღის ზოლი დაეთმობა ახალ პროექტს, რომელიც კვირის ყველა დღეს მოიცავს. შესაბამისად ცალკე და დამატებით მხოლოდ შაბათ-კვირისთვის გადაცემის საჭიროება აღარ იკვეთება“.
სხვა გადაცემებში გადასვლაზე ექვსივე თანამშრომელმა უარი თქვა. შესაბამისად, 1 აგვისტოდან ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. ექვსივე ჟურნალისტი „საზოგადოებრივი მაუწყბლის მცველებში“ არიან და უკვე რვა თვეა მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებენ.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველმა არხმა დახურა ჟურნალისტ ია ანთაძის პროექტიც „საინტერესო ადამიანები“. „რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ“, – დაწერა ია ანთაძემ სოციალურ ქსელში.
არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან მათთვის დისციპინური სანქციების დაკისრება საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროევროპული პროტესტის პარალელურად დაიწყო. ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დისციპლინარული წარმოების საშუალებით სამსახურიდან დაითხოვეს, ან დისციპლინარული სანქცია დააკისრეს 13 თანამშრომელს.