“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში გამომცემლობა “პუბლიკას” “ე.წ მედია სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტი” უწოდა.
შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაცია ორგანიზაციების საზღვარგარეთ რეგისტრაციის კონტექსტში სცადა.
მან “პუბლიკასთან” ერთად, იმავე კოტექსტში მოიხსენია სხვა მედიებიც კერძოდ, on.ge და “ტაბულა”.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის “პუბლიკის” მადისკრედიტებელი ციტატები ცალკე ფეისბუკ-ქარდებად გამოაქვეყნა მათ შორის ტელეკომპანია “იმედმა”. შემდეგ კი, მაუწყებელმა სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში, პირველ ბლოკში, ცალკე სიუჟეტები სწორედ ამ თემას მიუძღვნა.
იგივე ნარატივი, უკვე საკუთარი სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა, სადაც ამჯერად, “პუბლიკის” რედაქტორების – ლიკა ზაკაშვილის და ზურაბ ვარდიაშვილის სახელები იყო ნახსენები, ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტზე.
“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები აქტიურად ცდილობენ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას.