„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პროსამთავრობო ტელევიზია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობის, „სინათლე მედიას“ წინააღმდეგ და მათი დისკრედიტაცია და დაშინება ცადა.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ონლაინმედიები გვერდს უვლიან კანონს და ისინი „სისხლის სამართლის“ დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.
„[ონლაინმედიები] იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ კანონმდებლობას და ამ სქემის ნაწილი არის შეზღუდვების დარღვევა, როცა ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყურადღება არის მისაქცევი ამ ყველაფერზე. ვისი კომპეტენციაც არის, ის აკვირდება ამ პროცესებს. სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
23 ნოემბერს პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში „სინათლე მედიის“ წინააღმდეგ პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა.
„სინათლე მედია“ 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის ერთობაა, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა და საკანონმდებლო ცვლილებებმა ონლაინმედიები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის მიზანი აღნიშნული მედიების დისკრედიტაცია იყო, ამტკიცებდა, თითქოს მედიები “უცხოური სპეცსამსახურების” დაკვეთით მუშაობდნენ და “ანტისახელმწიფოებრივ” საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.