რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო ბრიტანეთისგან სანქცირებული, პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი და საავტორო გადაცემის წამყვანი შალვა რამიშვილი, “TV პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას დაკნინებას ცდილობს გეოგრაფიული ნიშნით.
“პროვინციიდან წამოსული გოგონა”, “აგრესიული პროვინციელი”, – ასე მოიხსენიებს რამიშვილი ვიკა ბუკიას და იქვე ახსენებს მის დას, ასევე ჟურნალისტ სოფო ბუკიას, JAMnews-ის რედაქტორს, როგორც ასევე პროვინციელს.
ვიკა ბუკია წარმოშობით სამეგრელოდან არის. რამიშვილს ეს მიაჩნია დამაკნინებლად და სწორედ ამ ნიშნით შეურაცხყოფს ჟურნალისტს. ასევე, თავადვე ამტკიცებს, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს:
“შენ წარმოადგენ ჟუუუურნალისტთა (ამ სიტყვასაც სპეციალურად წარმოთქვამს ამგვარი კონოტაციით) კლასს, რომელსაც მე დაბადებიდან ვებრძოდი. შენ გებრძვით არა როგორც პროვინციელ ვიკა ბუკიას, არამედ ჟუუურნალისტთა კლასის წარმომადგენლებს, კრებსით ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძეს, რომ თქვენს ავტორიტეტს, თუ გაქვთ, დედა ეტიროს”, – ღიად ამბობს პროპაგანდისტი რამიშვილი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “POSTV” და მასთან დაკავშირებული პირები დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების შეურაცხყოფას და დისკრედიტაციას ცდილობენ. 4 მარტს, ასევე შალვა რამიშვილმა, გამომძიებელი ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის დამცირება სცადა მისადმი სექსისტური ეპითეტის გამოყენებით