06-06-2025
თბილისი
შსს-მ “პუბლიკის” ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ჯარიმა ძალაში დატოვა

2025 წლის 6 ივნისს შსს-მ არ დააკმაყოფილა “პუბლიკის” ჟურნალისტის საჩივარი, რომელიც ჟურნალისტის 5,000 ლარით დაჯარიმებას უკავშირდებოდა — დაჯარიმების საფუძველი რუსთაველის გამზირის გადაკეტვა იყო. 

ბასტი მგალობლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის თებერვალში დააჯარიმა. ჟურნალისტმა უწყებას წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას, რომელიც ქვეყნის მთავარ გამზირზე 2024 წლის ნოემბერში დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება. მგალობლიშვილის მიერ ჯარიმის გამოწერის დღეს გადაღებული ვიდეო-მასალა ადასტურებს, რომ ის ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. გარდა ამისა, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტს ეკეთა პრესის ნიშანი. თუმცა, ეს გარემოება შსს-სთვის იმის დასადასტურებლად, რომ ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის საპირისპიროდ, სხვა საქმეზე, შსს-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ჟურნალისტ მარიამ ქვაშბაიას, გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმების საფუძველი ის გახდა, რომ იგი არ ატარებდა შესაბამის პრესის ნიშანს, რაც დაადასტურებდა მის მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულების ფაქტს. 

შსს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუჩაში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა გახდა დასჯადი. მედიისთვის გამოცხადებული საკანონმდებლო თუ ფიზიკური ომის ფონზე, ეს არის ძალიან საშიში პრაქტიკა – შსს მისაზღვრავდეს სად ვიმუშაო და როგორ, რას მიიჩნევს ჟურნალისტიკად და რას – არა. შსს-ს თანამშრომლებიც ადრე თუ გვიან საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, რატომ არის საშიში მედიისთვის ძირის გამოთხრა”  – დაწერა ბასტი მგალობლიშვილმა.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიის დაახლოებით 36 წარმომადგენელია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაჯარიმებული. საქმეების უმრავლესობა ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია. ამ დროისთვის, სასამართლომ ორი ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და მათ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

Share
06-06-2025
1
სამართლებრივი ინციდენტები | ფინანსური ჯარიმა
სამართალდამცველი
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი