უკან დაბრუნება
GE/EN
23-10-2026
თბილისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი “სტუდია მონიტორს” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ სასამართლოში ჩივილით ემუქრება

23 ოქტომბერს “სტუდია მონიტორმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს სახელმწიფო აუდიტის პირველადი დასკვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, რომლის  მიხედვით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 2018 წელს 25 მილიონის ლარის ავსტრიული აღჭურვილობა შეიძინა. რვა წლის შემდეგ აღჭურვილობა კვლავ კონტეინერებშია.

სწორედ, ამ გამოძიების გამოქვეყნებას მოჰყვა სტუ-ს განცხადება, რომელშიც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოითხოვს დოკუმენტის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლას, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

უნივერსიტეტი “სტუდია მონიტორის” მიმართ სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავს და წერს:

“მივმართავთ სამართალდამცავ და სხვა უფლებამოსილ უწყებებს, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის წარმომავლობა, მისი მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება, პასუხისმგებელი პირები და შესაძლო სამართალდარღვევის ყველა გარემოება. ამასთანავე, მოვითხოვთ არა ფორმალურ განმარტებას, არამედ საკითხის სრულყოფილ სამართლებრივ შესწავლასა და სათანადო რეაგირებას. ასევე ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად მივმართოთ სასამართლოს, ვინაიდან დაუსრულებელი და საბოლოოდ შეუფასებელი მასალის დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა უნივერსიტეტს რეპუტაციული ზიანის რეალური საფრთხის წინაშე აყენებს.”

უნივერსიტეტი სასამართლოს გარდა აპირებს მიმართოს პროკურატურას:

“უნივერსიტეტი, აღნიშნული გარემოებებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ნიშნების გათვალისწინებით, მიმართავს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად, ხოლო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში – საქართველოს პროკურატურასაც, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის გავრცელების კანონიერება და პასუხისმგებელი პირების მოქმედებებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.”

Share
23-10-2026
1
1
ორგანიზაცია: 16
სამართლებრივი ინციდენტი→სამართლებრივი დევნა (1)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი