11-06-2025
თბილისი
ონლაინ გამოცემა “ტაბულას”, “გრანტების კანონის” საფუძველზე, კუთვნილი გრანტის მიღება შეეზღუდა

2025 წლის 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ონლაინ გამოცემა “ტაბულა” ვეღარ მიიღებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტს, 50 ათასი ფუნტის ოდენობით, რომელიც მოგებული ჰქონდა კონკურსის წესით. როგორც გამოცემა წერს, ეს თანხა უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.

გამოცემის განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ, გრანტის მიმღებთა დაცვის მიზნით, ახლახან მიღებული “გრანტების შესახებ კანონის” მოთხოვნების შესაბამისად, “ქართული ოცნების” მთავრობას ნებართვისთვის მიმართა. მთავრობისგან კი მიიღო პასუხი, რაც ვადების გაჭიანურებაზე მიუთითებდა, რის შემდეგაც ბრიტანეთის მთავრობამ პროექტი გააუქმა. 

განცხადება ამის შესახებ დღეს ბრიტანეთის მთავრობამაც გაავრცელა. მასში  ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან  ამომრჩეველთა განათლებასა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს, “თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს  ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას”, – ნათქვამია განცხადებაში. 

“გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 16 აპრილს მიიღო. ცვლილებების თანახმად გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობას; გრანტის მიმღები, თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში დაჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით.

Share
11-06-2025
1
მედიის შემზღუდავი კანონი | სამართლებრივი ინციდენტები
ადმინისტრაციული ორგანო
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი