ტელეკომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა კომპანიის განახლებული წესდების რეგისტრაცია შეაჩერა, რაც, არხის შეფასებით, ერთ პარტნიორს კომპანიის საქმიანობის შეფერხების ბერკეტს აძლევს.
საქმე ეხება შპს „აქცეპტის“ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის წილის გასხვისებაზე, გადაწყვეტილება მხოლოდ ყველა პარტნიორის თანხმობით უნდა მიიღებოდეს და არა ხმათა უმრავლესობით.
„თრიალეთის“ წილები ამჟამად ასე ნაწილდება: ჯონდო ნანეტაშვილი – 50%, ნინო გაგნიძე – 40%, შპს „აქცეპტი“ – 10%. მოქმედი წესდებით, გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისია ხმების 3/4, რასაც „აქცეპტი“ ეწინააღმდეგება.
არხის ინფორმაციით, 2026 წლის 7 მაისს პარტნიორთა კრებაზე განახლებული წესდების მიღება სცადეს, თუმცა „აქცეპტის“ წარმომადგენელმა ოქმს ხელი არ მოაწერა. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს წესდება საჯარო რეესტრს წარედგინა. რეესტრმა რეგისტრაცია შეაჩერა იმ არგუმენტით, რომ წესდებაში არ იყო ასახული პოზიცია, რომელსაც „აქცეპტიც“ იზიარებდა.„თრიალეთი“ აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა კანონი არასწორად განმარტა და ამით ერთ პარტნიორს კომპანიის რეგისტრაციისა და საქმიანობის შეფერხების შესაძლებლობა მისცა. არხმა საკითხზე პროკურატურასაც მიმართა. დამატებით, „თრიალეთი“ მიუთითებს შპს „აქცეპტთან“ დაკავშირებულ გარემოებებზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია და რამდენიმე ოფშორული კომპანიის იურიდიულ წარმომადგენლად ფიგურირებდა.