2026 წლის 2 თებერვალს, მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე ორი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების საკითხი განიხილებოდა.
კითხვაზე – რატომ არ უშვებდნენ მედიას, ჟურნალისტებმა დაცვის სამსახურისგან პასუხი ვერ მიიღეს. “უნდა შეათანხმოთ ეს თემა საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურთან“, – ეუბნება თსუ-ს დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ჟურნალისტებს ვიდეოში, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტების ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი არ ეთანხმება, ისინი რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. საკითხი მაღალი საჯარო ინტერესის საგანია და შესაბამისად, ეს თემა მედიის ფოკუსში მოხვდა.