ტელეკომპანია „პირველის“ საპარლამენტო ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს. შესაბამისი გადაწყვეტილება 11 ნოემბერს პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა მიიღო.
პარლამენტის ოფიციალური წერილის თანახმად, ჟურნალისტმა 10 ნოემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში დაარღვია საპარლამენტო ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ. აღნიშნულის საფუძველზე მას აკრედიტაცია 11 ნოემბრიდან ერთი თვით შეუჩერდა.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გადაწყვეტილებას ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვების გამო დაწესებულ ცენზურად აფასებს. მისი განცხადებით, აკრედიტაციის შეჩერება პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მოთხოვნას უკავშირდება, თუმცა ოფიციალურ წერილში არ არის მითითებული, კონკრეტულად ვის მიმართა ჟურნალისტმა და ვისი მოთხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მელაძე აღნიშნავს, რომ ხატია სამხარაძე პარლამენტის საქმიანობას შვიდი წელია აშუქებს, ხოლო აკრედიტაციის შეჩერების შედეგად მას ერთი თვის განმავლობაში პარლამენტის შენობაში შესვლა და პროფესიული საქმიანობის განხორციელება შეეზღუდება.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ხატია სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერებას ეხმაურება და პარლამენტს აკრედიტაციის მოქმედი წესის შეცვლისკენ მოუწოდებს. ქარტიის შეფასებით, პარლამენტი 2023 წელს მიღებულ წესს სისტემატურად იყენებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შესაზღუდად. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეგულაცია დისკრიმინაციული გამოყენების შესაძლებლობას ქმნის, ხელს უშლის მედიის შეუფერხებელ მუშაობას და ზღუდავს საზოგადოების წვდომას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. ქარტია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შეზღუდვები უარყოფითად აისახება პარლამენტის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე და მოითხოვს აკრედიტაციის წესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.