თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატალია ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი პროსამთავრობო “POSTV-ის” წინააღმდეგ. ჟურნალისტებმა POSTV-ს ცილისწამებისთვის უჩივლეს, იმ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ისინი “Coca-Cola”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონიასგან, 30 000 დოლარს იღებდნენ ხელფასის სახით.
„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, მოპასუხის მხარეს იყო მტკიცების ტვირთი, მათ სასამართლოში არაერთი დოკუმენტი წარადგინეს. მათ შორის: სატელეფონო საუბრის ჩანაწერი თემურ ჭყონიასთან; სახელფასო და შრომითი ცნობები „ტვ პირველიდან“; რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ჩარიცხვების საბანკო ამონაწერები თითოეულ ჟურნალისტზე – თითოეული კომერციული ბანკიდან; გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებდა POSTV-ის მიერ ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევით სიუჟეტის მომზადებას; ყველა სიუჟეტი და განცხადება, რომელიც „ტელეკომპანიის“ ერთადერთ განზრახვას ადასტურებდა – მოსარჩელე ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობას. თუმცა, დავა მაინც სანქცირებული მედიის გამარჯვებით დასრულდა.
ამავე დროს, იურისტი ხაზს უსვამს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არცერთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.