22 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ დააკავეს “TV პირველის” ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტი დაკავების მომენტში ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას და საპროტესტო აქციას აშუქებდა. “TV პირველის” რედაქცია რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა ჟურნალისტთან დაკავშირებას.
დაკავების მომენტში მამნიაშვილი მობილური ტელეფონით იღებდა პოლიციის მიერ აქციის სხვა მონაწილეების დაკავების კადრებს და რედაქციას უგზავნიდა, რა დროსაც, პოლიციამ მისი ტელეფონის წართმევა სცადა. შემდეგ კი, მისი დაკავების ბრძანება გასცა. ვიდეოში, რომელიც გიორგი მამნიაშვილმა გადაიღო, ისმის როგორ ეუბნება ის პოლიციელს, რომ ჟურნალისტია და პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა მოგვიანებით განმარტა, დაკავების შემდეგ, გიორგი მამნიაშვილს დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამამცირებლად და ღირსების შემლახავად ეპყრობოდნენ. კერძოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში ჟურნალისტს ზურგს უკან ხელები ხელბორკილებით ჰქონდა შეკრული, სრულად გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების გაკეთება აიძულეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, დაკავებულის საპატიმროში შესახლებისას გაშიშვლებას – “სავალდებულო და შესაძლო დაზიანებების აღწერის მიზნით” არსებული პრაქტიკა უწოდა. დაკავებულების გაშიშვლებას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“ უწოდებს.
“გიორგი მამნიაშვილის შემთხვევა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის ცალსახა მაგალითია, რომლის საქმიანობა მიმართულია დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვისა და კრიტიკული ხმების ჩახშობისკენ” – განმარტავს “მედიის ადვოკატირების კლოალიცია”.