საქართველოში მიმდინარე პროევროპული პროტესტის პარალელურად, რომელიც ქვეყანაში 2024 წლის შემოდგომიდან დაიწყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კრიზისი გამძაფრდა. ამ კრიზისს მაუწყებლის ხელმძღვანელობამ რეპრესიული პოლიტიკის გატარებით უპასუხა. არხზე გაგრძელდა ტენდენციური, არაობიექტური და “ქართული ოცნების” მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკა, რაზეც არაერთ კვლევაში იყო საუბარი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის დარღვევებისა და “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის მამხილებელი თანამშრომლების მიმართ კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყო.
ამ პოლიტიკის შედეგად, 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე, საჯაროდ გავრცელებული შემთხვევების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე რეპრესიული პოლიტიკა 37 თანამშრომელს შეეხო:
- 6 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს;
- 11 თანამშრომელს დისციპლინური სანქცია დაუწესეს;
- 13-მა თანამშრომელმა უარი თქვა მენეჯმენტის შეთავაზებაზე, გადასულიყო სხვა გადაცემაში მათი გადაცემების დახურვის შემდეგ. მათ არხი დატოვეს;
- 7 თანამშრომელი, პროტესტის ნიშნად, არხიდან საკუთარი ნებით წავიდა;
- ორი გადაცემა და ორი რუბრიკა დახურეს;
კრიზისის გამძაფრება
2024 წლის 28 ნოემბერს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო პარტიის” გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქვეყანა აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე. იმავე საღამოდან, თბილისში, მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. მხოლოდ 28 ნოემბერს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუშაობაში ხელი შეეშალა მედიის 40 წარმომადგენელს. საპოლიციო ძალები ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სრულყოფილად არ აშუქებდა. ამის გამო, 30 ნოემბრიდან ტელევიზიის შენობასთან უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო. პარალელურად, არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა ღიად დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმაც. მათ დააარსეს საინიციატივო ჯგუფი “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” და “არხის გაჯანსაღებისთვის” დაიწყეს ბრძოლა.
3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის 80-ზე მეტი თანამშრომლის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ჟურნალისტები გმობდნენ კოლეგების მიმართ ძალადობას და მოითხოვდნენ ტელეკომპანიის ეთერი საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დათმობოდა. “სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად“, – ნათქვამი იყო განცხადებაში.
23 დეკემბერს ათმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს არღვევდა, რადგან არ ასრულებდა მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა – პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ორგანიზაციები მოითხოვდნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძისა და არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისგან თანამდებობების დატოვებას.
პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ყოველდღიურად გრძელდებოდა მოქალაქეების საპროტესტო აქციები. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური აქცია 2025 წლის 29 იანვარს იყო დაანონსებული. აქციამდე ორი დღით ადრე, 27 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტ პლატფორმაზე სამეურვეო საბჭოს რვა წევრის განცხადება გამოქვეყნდა. ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ მიმდინარე მოვლენების გამო, მიიჩნევდნენ, რომ აქციების მონაწილეებს არხის წინააღმდეგ “ცალკეული [პოლიტიკური] ლიდერები და აქტივისტები იყენებდნენ”.
სამსახურიდან გათავისუფლებული და დასანქცირებული თანამშრომლები
2025 წლის 30 იანვარს, არხის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების “მოამბის” წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, რომელიც ყოველი ეთერიდან სოლიდარობას უცხადებდა უკანონოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტს, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, გააკრიტიკა საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის ჩარევა სარედაქციო გადაწყვეტილებებში.
4 თებერვალს, სამეურვეო საბჭოს მორიგ სხდომაზე, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს “მოამბის” წამყვანის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერეს. სხდომაზე განაცხადეს, რომ მასთან მუშაობაზე პროდიუსერებმა განაცხადეს უარი, რის მიზეზადაც წამყვანის მიერ ეთერში გაჟღერებული კრიტიკული განცხადებები, მათ შორის “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება დაასახელეს. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ჟურნალისტის დევნა საჯარო პოზიციების გამო.
ამ დღის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტმა რეპრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო იმ თანამშრომლების მიმართაც, რომლებიც განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდნენ. მათ შორის იყო გადაცემა “რეალური სივრცის” ავტორი და წამყვანი, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და ამ გადაცემის სარედაქციო გუნდი.
28 თებერვალს არხიდან პირველი თანამშრომელი გაათავისუფლეს – გადაცემების „შუადღის პიკისა“ და „საღამოს პიკის“ პროდიუსერის ასისტენტი ანა მეტრეველი. ხელშეკრულების არგაგრძელების ოფიციალურ მიზეზად ანა მეტრეველს ხარჯთა ოპტიმიზაცია დაუსახელეს. ანამ გაასაჯაროვა მისი ხელფასი, ხელზე ასაღები თანხა – 490 ლარს შეადგენდა.
23 მარტს, ეთერს კიდევ ერთი თანამშრომელი ჩამოაშორეს – დილის გადაცემის თანამშრომელი ანი ჯობავა.
აპრილიდან რეპრესიები ახალ ეტაპზე გადავიდა: 11 აპრილს სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები – გადაცემა “მოამბის” წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა “რეალური სივრცის” ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. მათი გათავისუფლების საფუძვლად დისციპლინური მოკვლევა დასახელდა. გათავისუფლებამდე მათთვის მოკვლევის შედეგები არ გაუცვნიათ.
იმავე დღეს, არხის მენეჯმენტმა დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის ოთხ თანამშრომელს – გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტს თამარ მშვენიერაძეს და წამყვანს იოსებ კაციტაძეს, პულტის რეჟისორსა და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორს, კახაბერ მელიქიძესა და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორს, ირმა ჩუბინიძეს.
გათავისუფლებული ტელეწამყვანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ორმა თანამშრომელმა – თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა არხი დატოვა.
“მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციით დაცულ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური კონტროლის მოპოვების და მიტაცების უმძიმეს რეალობას აჩვენებს, რაც საქართველოში მედიის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შემაშფოთებელი ტენდენციის გამოვლინებაა”, – ასე შეაფასა მომხდარი ორგანიზაციამ “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
17 აპრილს არხის მენეჯმენტმა დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის კიდევ ოთხ თანამშრომელს – გადაცემა ”რეალური სივრცის” რედაქტორს, ტუხა კვინიკაძეს, “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელ პროდიუსერს, თამარ ჭინჭარაულს, “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტს, ანა აბაკელიასა და მემონტაჟე-ოპერატორს, გივი (გიგა) კიტიას. თინათინ ბერძენიშვილმა თანამშრომლებს „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.
2025 წლის 26 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემონტაჟე-ოპერატორი, გიგა კიტია მეორედაც დაასანქცირა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო, არხისთვის “რეპუტაციული ზიანის” მიყენებაში დაადანაშაულა და სექტემბრის თვის ხელფასიდან 30 პროცენტი დაუქვითა.
1 სექტემბრიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს “რეალური სივრცის” კიდევ ერთი თანამშრომელი მერი შიხაშვილი, რომელიც აქამდე დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.
2025 წლის 26 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა რეჟისორი კახაბერ მელიქიძე, რომელიც არხზე 1998 წლიდან მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” ინფორმაციით, კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ამხილა მაუწყებელი იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. არხის მენეჯმენტი კახა მელიქიძეს აიძულებდა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ხშირად ეჩვენებინა “ქართული ოცნების” თანამდებობის პირები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა. გათავისუფლებამდე კახაბერ მელიქიძეს ორჯერ დააკისრეს დისციპლინური სანქცია, პირველად 11 აპრილს, მეორედ კი 25 ოქტომბერს.
2026 წლის 11 თებერვალს, მენეჯმენტმა საყვედური გამოუცხადა ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოპერატორების ჯგუფის სტუდიის ოპერატორს გივი ჩიმაკაძეს, სოციალურ ქსელში „მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი“ განცხადების გავრცელების გამო. არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გივი ჩიმაკაძე დისციპლინარული სანქციის მოქმედების პერიოდში (12 თვე) „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებაც გააფრთხილა.
24 თებერვალს კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს, ქეთევან სინიცას „დამსაქმებლის რეპუტაცია შემლახავი, არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების/გავრცელების ხელშეწყობის გამო“ თებერვლის თვის შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად 30 პროცენტი დაუქვითა.
დახურული გადაცემები და რუბრიკები
2025 წლის 30 აპრილს, “პირველი არხის” მენეჯმენტმა გადაცემა “რეალური სივრცის” დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებს წერილობითი ფორმით შეატყობინეს: „როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის თოქ-შოუს – „რეალური სივრცე“, ეწურება საპროექტო ვადა 1 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება“, – ნათქვამი იყო შეტყობინებაში.
გადაცემა “რეალური სივრცე” ფოკუსირებული იყო სოციალურ თემებზე და გამოირჩეოდა “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული პოზიციით. 2024 წლის შემოდგომიდან, ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის პროცესის საფუძვლით, გადაცემა “რეალური სივრცე” “პირველი არხის” რადიოს ეთერში გადიოდა. ნინო ზაუტაშვილის არხიდან გათავისუფლების შემდეგ, „რეალური სივრცე“ „პირველი არხის“ რადიო ეთერშიც აღარ გასულა. მენეჯმენტის შეთავაზებაზე მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, “რეალური სივრცის” გუნდმა უარი განაცხადა, შედეგად, “პირველი არხი” დატოვა გადაცემის ექვსმა თანამშრომელმა (იხ. ზემოთ).
25 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ “პირველი არხი” ხურავდა გადაცემას “ამ შაბათ-კვირას“. არხის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდს – გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერს, თამარ ჭინჭარაულსა და მარიამ ფირცხალავას, პროდუსერს ნია ბარაბაძეს, ჟურნალისტს ანა აბაკელიასა და გადაცემის წამყვანებს – ლიკა ევგენიძესა და გიორგი შარვაშიძეს სხვა გადაცემებში გადასვლა შესთავაზა. არხის დირექტორის, თინა ბერძენიშვილის მიერ თანამშრომლებთან გაგზავნილ წერილში მითითებული იყო, რომ თუ ისინი შეთავაზებას არ დათანხმდებოდნენ, მათთან თანამშრომლობა შეწყდებოდა.
წერილის თანახმად, გადაცემას საპროექტო ვადა 1 აგვისტოს ეწურებოდა და მისი გაგრძელება აღარ იგეგმებოდა, რადგან მაუწყებელს აღარ ჰქონდა ამ გადაცემის საჭიროება: „ახალი სატელევიზიო სეზონიდან, განახლებული საეთერო ბადის შუადღის ზოლი დაეთმობა ახალ პროექტს, რომელიც კვირის ყველა დღეს მოიცავს. შესაბამისად ცალკე და დამატებით მხოლოდ შაბათ-კვირისთვის გადაცემის საჭიროება აღარ იკვეთება“. სხვა გადაცემებში გადასვლაზე ექვსივე თანამშრომელმა უარი განაცხადა. შესაბამისად, პირველი აგვისტოდან ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველმა არხმა დახურა ჟურნალისტ ია ანთაძის პროექტიც „საინტერესო ადამიანები“. “რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში. მან ასევე განაცხადა, – “„აქამდე ხელშეკრულებით მქონდა შეზღუდული საზოგადოებრივი აქტიურობა და პირობას პატიოსნად ვიცავი. ახლა სრულიად თავისუფალი ვარ და შევეცდები, გზადაგზა ყველა მოსაზრება გაგიზიაროთ, რასაც მნიშვნელოვნად ჩავთვლი“. პროექტის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე, პორტრეტის ჟანრის ინტერვიუ ქვეყნდებოდა. ბოლო პერიოდში, ია ანთაძის რესპონდენტებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ღიად აკრიტიკებს “ქართულ ოცნებას”. მათ შორის, ჟურნალისტი, გამოცემა „პუბლიკის“ დამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, ყოფილი საჯარო მოხელე, დავით ჩხეიძე და პროევროპულ აქციებში ჩართული არაერთი ადამიანი.
30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოდგომის სეზონიდან “პირველ არხზე” აღარ გავიდოდა რუბრიკა “ადამიანები ისტორიიდან”. “ეს ჩემი ბოლო გადაცემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე… მინდა, ვუსურვო ჩვენს მსმენელს წარმატებები. ასევე, ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, გაძლიერება, სამართლიანი ქვეყნის”, – ასე დაემშვიდობა მაყურებელს დიმიტრი სილაქაძე. მან უარი თქვა შეთავაზებაზე გადასულიყო სხვა გადაცემაში და არხის დატოვება გადაწყვიტა. მისი რუბრიკა „ადამიანები ისტორიიდან“ თავდაპირველად გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“ ეთერით გადაიცემოდა, 2024 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, გადაცემა „შუადღის პიკის საათში“ გადაინაცვლა.
სამეურვეო საბჭოს როლი მაუწყებლის რეპრესიულ პოლიტიკაში
კრიტიკული თანამშრომლების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას არხის მენეჯმენტი სამეურვეო საბჭოს დახმარებით ახორციელებდა.
მაგალითად, 2025 წლის 21 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეულმა წევრებმა, საბჭოს სხდომაზე რამდენიმე ჟურნალისტის, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის კრიტიკულ განცხადებებზე იმსჯელეს და განიხილეს პროკურატურისთვის მიმართვის საჭიროება ამ ჟურნალისტების საქმიანობის შესასწავლად. “ძალიან მიზანშეწონილად მგონია, რომ ეს უნდა შეისწავლოს პროკურატურამ, ეგ საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს ერთად ეს ამბავი, რატომ არის გადაბმული ეს ამბები ერთმანეთზე. არცერთი მათი თვითშემოქმედება არ არის, იმიტომ რომ ერთი, მეორე, მესამე, და მერე ყველა ერთად აქ თავმოყრილი, ეს შემთხვევით არ ხდება”, – განაცხადა სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძემ.
მალევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შეეცადა კრიტიკული ჟურნალისტების არდაშვებას საბჭოს სხდომებზე. კერძოდ, 29 აპრილს, როდესაც სამეურვეო საბჭოს სხდომა იყო დაგეგმილი, სხდომაზე დასწრებით მიზნით, არსებული წესის თანახმად, საბჭოს წერილობით მიმართეს ნინო ზაუტაშვილმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, გიგა კიტიამ და გიორგი იასაშვილმა. თუმცა სამეურვეო საბჭომ ისინი სხდომაზე არ დაუშვა.
30 მაისის სხდომაზე საბჭოს წევრებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის დოკუმენტში ცვლილებები შეიტანეს. რეგლამენტის აქამდე მოქმედი რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჯარო სხდომებზე დასწრება ფიზიკურად, წინასწარი შეტყობინებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, ცვლილებების თანახმად კი, ამიერიდან სხდომაზე დასწრება მხოლოდ ონლაინ იქნებოდა შესაძლებელი. ცვლილებები ძალაში 1 ივნისიდან შევიდა. ცვლილებებს მხარი საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა. აღნიშნულმა ცვლილებებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახადა.
დანართი #1
თანამშრომლების სია, რომელთაც შეეხოთ არხის რეპრესიული პოლიტიკა
(სია ეყრდნობა CMIS-ის მიერ შეგროვებულ, საჯაროდ გავრცელებულ შემთხვევებსა და პლატრფორმა “მაყურებლის” მონაცემებს)
- გათავისუფლებული თანამშრომლები:
- ანა მეტრეველი – პროდიუსერის ასისტენტი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი – წამყვანი, საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“
- ნინო ზაუტაშვილი – წამყვანი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- ია ანთაძე – პროექტი “საინტერესო ადამიანები”
- კახა მელიქიძე – სპორტული არხის რეჟისორი და პულტის რეჟისორი
- მერი შიხაშვილი – ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- თანამშრომლები, რომელთაც გადაცემების დახურვის შემდეგ, უარი თქვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებაზე გადასულიყვნენ სხვა გადაცემებში:
- ქეთი კაპანაძე – პროდიუსერი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- თამარა მშვენიერაძე – ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- ომარ წოწორია – ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- ტუხა კვინიკაძე – რედაქტორი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- სოსო კაციტაძე – თანაწამყვანი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- თამარ ჭინჭარაული – აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- ანა აბაკელია – ჟურნალისტი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- მარიამ ფირცხალავა – აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- ნია ბარაბაძე – პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- ლიკა ევგენიძე – წამყვანი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- გიორგი შარვაშიძე – წამყვანი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- დიმიტრი სილაქაძე – თანაწამყვანი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- ანი ჯობავა – ჟურნალისტი დილის გადაცემაში (თავდაპირველად ის ეთერს ჩამოაშორეს. შეთავაზება სადმე გადასვლაზე არ მიუღია და საბოლოოდ, არხი დატოვა).
- თანამშრომლები, რომელთაც არხი დატოვეს საკუთარი განცხადების საფუძველზე:
- ლექსო ქურხული – ვებრედაქტორი
- თეა კახიანი – მონიტორინგის მენეჯერი
- დავით ველიჯანაშვილი – წამყვანი
- ნინო დადვანი – პრომოციის ჯგუფის რეჟისორი
- ირმა ჩუბინიძე – პრომოციის ჯგუფის რეჟისორი
- ქეთი ვაშაგაშვილი – პრომოციის ჯგუფის რეჟისორი
- ქეთი ელეიშვილი – სცენარისტი
- თანამშრომლები, რომელთაც დისციპლინური სანქციები დაუწესეს:
- თამარა მშვენიერაძე – ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- სოსო კაციტაძე – თანაწამყვანი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- კახა მელიქიძე, სპორტული არხის რეჟისორი და პულტის რეჟისორი (სანქცია შეეხო 2-ჯერ)
- ირმა ჩუბინიძე – პრომოციის ჯგუფის რეჟისორი
- ტუხა კვინიკაძე – რედაქტორი, გადაცემა „რეალური სივრცე“
- თამარ ჭინჭარაული – აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- ნია ბარაბაძე – პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- ანა აბაკელია – ჟურნალისტი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
- გიგა კიტია – საზოგადოებრივი მაუწყებლის მემონტაჟე
- გივი ჩიმაკაძე – ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოპერატორების ჯგუფის სტუდიის ოპერატორი
- ქეთევან სინიცა – ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერი