რეგიონული მედია TOK TV კიბერშეტევის სამიზნე გახდა

რეგიონული მედია, TOK TV-ის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე მეორედ განხორციელდა კიბერშეტევა .

„ამ დროისთვის საიტი ხელმისაწვდომია ხარვეზებით, თუმცა ადმინისტრაციულ პანელში შესვლის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება, რომ სისტემა გატეხილია „CoupDeGrace“-ის მიერ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების შესწავლა და ინციდენტის სრული მასშტაბის შეფასება“, – წერს TOK2Region.

როგორც TOK TV-ში აცხადებენ, პრობლემა უკავშირდებოდა WordPress-ზე კიბერშეტევას და საიტის კომპრომეტირებას.

“სისტემაში აღმოჩნდა შეცვლილი WordPress Core ფაილები, მავნე PHP კოდი, უცნობი Administrator ანგარიშები და თვითნებურად დამატებული პლაგინები, რაც მიუთითებდა, რომ თავდამსხმელს საიტზე ჰქონდა persistent access / backdoor. პრობლემის აღმოსაფხვრელად ეტაპობრივად გაიწმინდა საეჭვო ფაილები და პლაგინები, წაიშალა უცნობი ადმინისტრატორები, შეიცვალა ადმინისტრატორების პაროლები და WordPress-ის უსაფრთხოების გასაღებები, განახლდა/ჩანაცვლდა Core ფაილები სუფთა ვერსიებით, ხოლო DISALLOW_FILE_MODS პარამეტრით შეიზღუდა WordPress-იდან ახალი პლაგინებისა და თემების თვითნებური დამატება”, –  აცხადებენ Tok TV-ში. 

ამ ეტაპისთვის პრობლემა ბოლომდე ჯერ არ არის აღმოფხვრილი. 

ახალციხის მე-6 უბანზე “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტს გადაღება შეუზღუდეს

2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა) ახალციხის N6 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ გამოცემა  „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ნუკა სტეფნაძეს უბანზე გადაღება შეუზღუდა.

მან ჟურნალისტს განუცხადა, რომ მხოლოდ 10 წუთი შეეძლო გადაღება. გამოცემის ცნობით, კომისიის თავმჯდომარემ მხოლოდ მას შემდეგ მისცა ჟურნალისტს მუშაობის გაგრძელების საშუალება, რაც მას საოლქო კომისიიდან დაუკავშირდნენ და წესები განუმარტეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში საჯარო სხდომაზე მედია არ შეუშვეს

2025 წლის 8 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში, საჯარო სხდომაზე სადაც გუბერნატორს წარადგენდნენ მედია არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია TOK2Region-მა გაავრცელა. სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი 8 მაისს ზაალ გელაშვილმა ჩაანაცვლა. 

საჯარო სხდომების დამოუკიდებელი მედიისთვის დახურვა ზოგადი ტენდენციაა და ამ მეთოდს “ქართული ოცნებამ” წარსულშიც არაერთხელ მიმართა. 

“Tok TV-სა და “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტები არ დაუშვეს ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე

2025 წლის 26 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს, “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” სხდომაზე, ჟურნალისტები არ შეუშვეს. ადგილზე მისულ “სამხრეთის კარიბჭესა” და “TOK TV”-ის ჟურნალისტებს საჯარო დაწესებულებაში შესვლის აკრძალვის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო. 

“სამხრეთის კარიბჭეს” განცხადებით, მერია უკვე თვეებია აღარ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, როდის გეგმავს სხდომების ჩატარებას. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ინფორმაციას მერია არც საჯაროდ აქვეყნებს.

“TOKTV”-ს ჟურნალისტს ახალციხის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 

2025 წლის 27 თებერვალს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარიშვილმა “TOKTV”-ს ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს კრიტიკული კითხვების გამო მავნებელი უწოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები 2024 წელს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს განიხილავდნენ. ჟურნალისტის კითხვები პირდაპირი წესით (არასაჯაროდ) განხორციელებულ შესყიდვებს ეხებოდა, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწყია, მან დარბაიძეს “ჭორაობაში” დასდო ბრალი და მისი დისკრედიტაცია სცადა.

ინციდენტს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.