ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები კახეთის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მედიის წარმომადგენლების მიმართ არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი კახეთის საარჩევნო უბნებზე.

იხილეთ საჯაროდ გავრცელებული ინციდენტების სია კახეთიდან:

  • „TV პირველის“  გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს, თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან თავს დაესხნენ. სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” დაჯგუფების წევრების სამიზნე გადამღები ჯგუფი მას შემდეგ გახდა, რაც ტელეკომპანიის ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლისა და მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები გადაიღო. საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში სიებით იყვნენ მობილიზებული და თანხებს არიგებდნენ. თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი, ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა კი სრულად დამტვრეულია. აპარატურის დაზიანებამდე ჟურნალისტმა გარკვეული მასალის გადმოგზავნა მოასწრო“, – წერს ტელეარხი;

  • მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს – ია გულიაშვილსა და ლევან დვალს კახეთში  თავს დაესხა  სავარაუდოდ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი და კადრების გადაღების საშუალება არ მისცა. ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, ვინ გაუმასპინძლდა უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მოგვიანებით, იგივე პირმა “მთავარი არხის” კამერის გატაცება სცადა;

  • ტელეკომპანია ფორმულას” ჟურნალისტებს დავით ჭაბაშვილს და აგილ რუსტამოვს ლაგოდეხის სოფელა ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ „ლაგოდეხის ტელევიზიის“ ჟურნალისტს, ნიკა ბურჭულაძესაც;

  • “მთავარი არხის” ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს და ოპერატორ, იაგო გოგილაშვილს სოფელ ბოდბეში, სიღნაღიის მერიის წარმომადგენელი, ბაჩუკი კოჭლამაზიშვილი მუშაობაში ხელს უშლიდა,მან კამერას ხელი ააფარა და ცდილობდა, ოპერატორისთვის გადაღების საშუალება არ მიეცა. გადამღებ ჯგუფს საქმიანობაში ხელი სოფელ მაღაროშიც შეუშალეს.