2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, სამეგრელოში, სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, კომისიის წევრები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ჟურნალისტების მუშაობისთვის.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
- ჩხოროწყუს მე-4 საარჩევნო უბანზე, ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, დავით მანიას და ირაკლი შენგელიას, კომისიის თავმჯდომარემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კომისიის სხვა წევრებთან ერთად, მათ უბნიდან გაძევებას ცდილობდა;
- წალენჯიხის 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლირა ღურწკაია სტუდენტური ონლაინმედიის “მრავალკუთხედის” ჟურნალისტ დიტო ბელქანიას დაუპირისპირდა;
- “TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, სოფო ნიაურსა და დავით ბერაძეს ხელი შეუშალეს ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე. ჟურნალისტის თქმით, სპეციალური ბეიჯის ქონის მიუხედავად, კომისიის თამჯდომარე მათ გადაღების უფლებას არ აძლევდა და შენობაში არ უშვებდა.