რადიო NOR-ის ჟურნალისტს მეორედ შეუქმნეს პრობლემები მერიის შენობაში შესვლისას

2024 წლის 18 აპრილს, ნინოწმინდის სათემო რადიო “NOR-ის” ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეუშვეს ქალაქ ნინოწმინდის მერიის შენობაში. ჟურნალისტს ჰქონდა კითხვები ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან. მერიის დაცვამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო “NOR- ის” ჟურნალისტები ნინოწმინდის მერიის შენობაში არ  შეუშვეს. დღის ბოლომდე ვერ შევიდნენ შენობაში ჟურნალისტები 11 აპრილსაც.

მომხდარს გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. ორგანიზაციამ ნინოწმინდის მერიას მოუწოდა არ შეუზღუდოს ჟურნალისტებს წვდომა საჯარო ინფორმაციაზე.

რადიო NOR-ის ჟურნალისტს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ნინოწმინდის მერიის შენობაში

2024 წლის 11 აპრილს, ნინოწმინდის ადგილობრივი სათემო რადიო “NOR”-ის ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში მერიის შენობაში არ შეუშვეს. იმ დროს მერიაში სისხლის ჩაბარების აქცია მიმდინარეობდა და ჟურნალისტს ამ ამბის გაშუქება სურდა.

მერიის დაცვამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა.პრობლემა მხოლოდ მას  შემდეგ მოგვარდა, როდესაც ადგილზე მისულმა ჟურნალისტმა ე.წ. Live მაუწყებლობა დაიწყო სოციალურ ქსელში და შეზღუდვაზე საჯაროდ ისაუბრა.