საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი “იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს”. ესენია: კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (FNF), ჰაინრიხ ბიოლის ფონდი (HBS) და ფრიდრიხ ებერტის ფონდი (SPD). ამ ოთხიდან ორმა – კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებმა ოფისებიც დახურეს და ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველო, რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ, მესამე ქვეყანაა, საიდანაც ეს ფონდები გავიდნენ.
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა. ქვეყნის დატოვების გადაწყვტილება ფონდმა 30 სექტემბერს მიიღო.”ეს ნაბიჯი ჩვენთვის ადვილი გადასადგმელი არ ყოფილა, თუმცა მისი გადადგმა გარდაუვალი გახდა”, – ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში.
განცხადების თანახმად, ფონდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობისგან ვერ მიიღო ნებართვა საგრანტო პროექტების დაფინანსებაზე. “ვცადეთ, გამოგვეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველოში საქმიანობა გაგვეგრძელებინა და მხარი დაგვეჭირა იმ ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. თუმცა ეს განაცხადი 2026 წლის 28 ივლისს უარყოფილ იქნა. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვხედავთ შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს შეესაბამება”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
რაც შეეხება კონრად ადენაუერის ფონდს, ის საქართველოში 2003 წლიდან მუშაობდა და 1-ელ ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს. მიზეზად საქართველოში შექმნილი „პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო“ დაასახელა. KAS-ის თანახმად, საქართველოს მთავრობამ მათაც 2026 წლის 28 ივლისს უთხრა უარი ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადების დაკმაყოფილებაზე.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის გაზაფხულზე, დაჩქარებული წესით შეტანა. ამ ცვლილებებით, ფონდებს აეკრძალათ საგრანტო დაფინანსების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე. ეს ერთ-ერთი საკანონმდებლო ცვლილებაა, სხვა, არაერთ რეპრესიულ ცვლილებასთან ერთად. Amnesty International-მა 2026 წლის 15 ივნისს საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, „რეპრესიების ანატომია“, აღწერა, რომ ამ რეპრესიული ცვლილებების შედეგად საქართველოში ასობით ორგანიზაცია იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა, ან „გადარჩენის რეჟიმში“ განეგრძო საქმიანობა.