18-06-2025
თბილისი
სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო ტელეწამყვანი ვიკა ბუკია 4000 ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 18 ივნისს, სოციალურ ქსელში, “ქართული ოცნების” დეპუტატის მისამართით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო, “TV პირველის” ტელეწამყვანი ვიკა ბუკია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა 4 000 ლარით დააჯარიმა.

ვიკა ბუკია, კრიტიკული მედიასაშულებების სხვა 5 ჟურნალისტთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 ივნისს დაიბარეს. ყველა მათგანს “ქართული ოცნების” ხელისუფლების წევრის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ექვსიდან ოთხი ჟურნალისტი სასამართლომ სამარალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა. ორი ჟურნალისტის – ნანუკა ჟორჟოლიანისა და ვახო სანაიას პროცესი კი გადაიდო და საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა. 

ექვსივე ჟურნალისტის შემთხვევაში, საჩივრების სამართლებრივი საფუძველი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახლად ამოქმედებული 173​,16_ე მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ქმედებისთვის განსაზღვრულია 1 500-დან 4 000-მდე ლარი ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ  ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. “ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

Share
18-06-2025
1
სამართლებრივი ინციდენტები | ფინანსური ჯარიმა
სასამართლო
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი