2025 წლის 3 ივლისს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები „TV პირველი“, “მთავარი არხი” და „ფორმულა“ სამართალდამრღვევებად სცნო. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ საჩივარს ტელევიზიების წინააღმდეგ. პარტიამ კომისიას 1 ივნისს მიმართა და ისეთი ტერმინების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და სხვ. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საჩივრები ეფუძნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა 1 აპრილს დაამტკიცა, რის შედეგადაც კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები გაფართოვდა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებდა კომუნიკაციების კომისიას ყოფილიყო დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი.
“კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი პოლიტიკური ძალების კრიტიკულ შეფასებაზე უფრო მაღალია. მედიას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი დახასიათება და შეფასება მისცეს. ეს არის ჟურნალისტიკის არსი” – წერია განცხადებაში.