2025 წლის 3 ნოემბერს, პოლიციამ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაპლატფორმა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავა. იმ დღეს ჟურნალისტი აქციაზე პრესის მაიდენტიფიცირებელი ბეჯით იყო, იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ნინია კაკაბაძე მაშინ დააკავეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. იგი თბილისში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს. ჟურნალისტი ჰყვება, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მცირეწლოვან შვილთან დარეკვის შესაძლებლობას. დაკავებიდან რამდენიმე საათში ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ნინია კაკაბაძეს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მის საქმეზე მსჯელობა 4 ნოემბერს დაიწყო, თუმცა, პროცესი 12 ნოემბრამდე გადადო.
2025 წლის 19 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი რეპრესიული ცვლილებები , თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილოებისა და მათ შორის, მისი გაშუქებისთვის, მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს. უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს.
ნინია კაკაბაძის და სხვა ჟურნალისტების დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს. ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.