05-11-2025
თბილისი
საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს “ფორმულას” ჟურნლისტი ლიზა ციციშვილი

2025 წლის 5 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი დააკავა. დაკავების დროს ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – აქციის მონაწილეებისგან ინტერვიუებს იღებდა. ვიდეოკადრებში, რომელიც ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა გადაიღეს, ჩანს, რომ პოლიცია ლიზა ციციშვილს ძალის გამოყენებით სვამს მანქანაში. ვიდეოში ისმის ჟურნალისტების ხმაც – ისინი პოლიციას ეუბნებიან, რომ ლიზა ციციშვილი მათი კოლეგაა, “გავარკვევთ” – პასუხობენ პოლიციელები. დაკავებიდან ათ წუთში ლიზა ციციშვილი გაათავისუფლეს. იგი ამბობს, რომ მას ბოდიში მოუხადეს.  

ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტს ჯერ აკავებენ, შემდეგ კი ბოდიშის მოხდით ათავისუფლებენ. 24 ოქტომბერს საკუთარ სახლთან დააკავეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს. მას უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ. ასევე, მეორე შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტს აკავებენ მაშინ, როდესაც ის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე, 3 ნოემბრს, სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს “მედიაჩეკერის” ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელსაც ჰქონდა პრესის ბეჯი, აქციას აშუქებდა და ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალაც არსებობს.

2025 წლის 19 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო მორიგი რეპრესიული ცვლილებები , თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილოებისა და მათ შორის, მისი გაშუქებისთვის, სულ მედიის 12 წარმომადგენელი დააკავეს.  უმეტესობის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტების გახშირებულ დაკავებებს “ჟურნალისტების დაშინების მიზნით მათ საჩვენებელ დაკავებებს” უწოდებს და შსს-ს მოუწოდებს, უარი თქვას ჟურნალისტების დევნასა და შევიწროებაზე, თავის თანამშრომლებს კი დავალებაზე გაგზავნამდე  ჟურნალისტების უფლებები კარგად განუმარტოს და მათი დაცვა და პატივისცემა დაავალოს. 

Share
05-11-2025
1
დაკავება/დაპატიმრება | მუშაობაში ხელშეშლა
სამართალდამცველი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი