17-06-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტ თამუნა გიორგაძეს ივანიშვილის წყევლის გამო 5000 ლარამდე ჯარიმა, ან 20 დღემდე პატიმრობა ემუქრება

17 ივნისს, სამოქალაქო აქტივისტ თამუნა გიორგაძეს  დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის მიმართ საჯარო კომუნიკაციის მონიტორინგის სამმართველოს საქმეზე საჩივარია შესული და სასამართლო სხდომა ორ საათში გაიმართებოდა. საქმე, არსებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თამუნა გიორგაძის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო Facebook-ზე ბიძინა ივანიშვილის მისამართით დაწერილი პოსტის გამო. 15 ივნისით დათარიღებულ სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს საჯარო კომუნიკაციის მონიტორინგის სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი. ოქმის მიხედვით, პოსტის შინაარსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნული მუხლი 500-დან 3,000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტი თამუნა გიორგაძე სასამართლომ 3,000 ლარით დააჯარიმა Facebook-ზე ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოქვეყნებული პოსტის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. თავად აქტივისტი სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

ახალი სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში 1 ივნისიდან ამოქმედდა. შსს-ს განცხადებით, მისი მთავარი ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავდეს.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ახალი სამმართველოს მიერ წარმოებული მესამე საქმეა. 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუსიკოს მაია დარსმელიძის წინააღმდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირის, ნინო ჯღარკავას შესახებ დაწერილი პოსტის გამო. ხოლო, 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საბაბით, 4000 ლარით დააჯარიმა. 

თამუნა გიორგაძე მანამდე უკვე იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ადრესატი. 6 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, 6 ივნისს, „შაბათის მარშზე“, გიორგაძეს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში გიორგაძე ჰყვებოდა, რომ მარშის დაწყებამდე იმავე პირმა აქციის მონაწილეებს სკუტერით ჩაუარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქტივისტების ინფორმაციით, ამ საქმეზე ეფექტიანი რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

Share
17-06-2026
1
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა (1)
სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი