24-07-2026
თბილისი
გიორგი ახობაძეს საჯარო განცხადების გამო 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეს, ექიმ გიორგი ახობაძეს, სასამართლომ 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ახობაძის მიმართ ორი ადმინისტრაციული საქმე განიხილა და გააერთიანა. 

საქმეები შეეხებოდა როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს, მათ შორის გრიგოლ კაჭკაჭიშვილთან, ირაკლი კობახიძესა და ლევან მახაშვილთან დაკავშირებით, ისე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და კანცელარიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების მიმართ სატელეფონო საუბრისას გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, პატიმრობის გამოყენების საფუძველი შეურაცხმყოფელი ქმედებების განმეორებითი ხასიათი გახდა. არხის ინფორმაციით, ახობაძე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამოღებული მობილური ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ იგი „ჩამდები პოლიციელების გინებისთვის“ ცნეს სამართალდამრღვევად. „დამნაშავედ ჩამთვალეს ჩამდები პოლიციელების გინებაში. – განაცხადა ახობაძემ “TV პირველთან“.

მანამდე, 2026 წლის 8 ივლისს, სინდისის ყოფილი პატიმარი გიორგი ახობაძე 3,000 ლარით დააჯარიმეს. მაშინ, სასამართლოში მას შსს-ში ახლად შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ ვატო შაქარაშვილის Facebook-გვერდზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ედავებოდა.

გიორგი ახობაძე 2024 წლის დეკემბერში თბილისში დააკავეს, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. პროკურატურის განცხადებით, მას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, თუმცა ახობაძე აცხადებდა, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მისთვის წაყენებული ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა – 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

2025 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო მიიღო.

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

Share
24-07-2026
1
1
კაცი: 1
დაკავებაადმინისტრაციული სამართლის დაკავება (1)
სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი