2026 წლის 6 ივლისს, მწერალი, საპროტესტო აქციების მონაწილე, ბექა ქურხული სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნების საბაბით, 3000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბექა ქურხულს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას (წვრილმანი ხულიგნობა) ედავებოდა. უწყების პოზიციით, ქურხულმა Facebook-ზე გამოაქვეყნა რამდენიმე პოსტი, კომენტარი და ვიდეო, რომელშიც „იყენებს უცენზურო სიტყვებს და ფრაზებს“, რომლის ნაწილი მიემართება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და „მაესტროს“ წამყვანს გია გაჩეჩილაძეს.
ბექა ქურხულმა “TV პირველს” განუცხადა, რომ მას სატელევიზიო ეთერში დაფიქსირებული მოსაზრების გამოც ედავებოდნენ. კერძოდ, მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ “TV პირველის” ეთერში ისაუბრა, რა პრობლემები ექმნებოდათ საზღვარზე უკრაინიდან დაბრუნების დროს და გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, რაც მას შეურაცხყოფად ჩაუთვალეს.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან, 1 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.