06-07-2026
თბილისი
ემიგრაციაში მყოფი ბესიკ ანდღულაძე პარლამენტარ ეკა ჭიჭინაძის შეურაცხყოფის საბაბით 4000 ლარით დააჯარიმეს

2026 წლის 6 ივლისს, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, ბესიკ ანდღულაძე, “ქართული ოცნების” დეპუტატის, პარლამენტარ ეკა ჭიჭინაძის შეურაცხყოფის საბაბით 4000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ანდღულაძეს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ლანძღვა-გინებას მოიაზრებს.

ბესიკ ანდღულაძის ადვოკატმა სასამართლოს განუმარტა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ კომენტარის ავტორი ნამდვილად ბესიკ ანდღულაძე იყო. ამის მიუხედავად, მოსამართლემ მისი ეს არგუმენტი არ გაიზიარა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო. 

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც  150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.  

Share
06-07-2026
1
1
კაცი: 1
ფინანსური სანქციებიჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით (1)
სასამართლო | სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი