17-01-2026
თბილისი
ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტის, დავით გაგრელის, წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტის, დავით გაგრელის, წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს. როგორც აქტივისტი წერს სოციალურ ქსელში, სასამართლოდან მას აცნობეს, რომ მისი ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შსს-ს დაუბრუნდა მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო. 

“სასამართლოდან დამირეკეს. 2025 წლის 18 დეკემბერს ტროტუარზე ხალხს გადაადგილებაში უშლიდი ხელსო, მაგრამო შენო ნაჯდომი კაცი ხარ მაგ მუხლითო, ამიტომ შეწყდა სამართალწარმოება და დაუბრუნდა პოლიციას, რომ სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭონო”, – წერს დავით გაგრელი სოციალურ ქსელში. 

დავით გაგრელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება მოქალაქეების გადაადგილებაში ხელშეშლას ტროტუარზე გამოხატული პროტესტის გამო. ამ საფუძვლით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 12 დეკემბერს, შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  

იგივე მოტივით, სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დრომდე, ხუთი სამოქალაქო აქტივისტის საქმე დააბრუნა: ვაჟა გაფრინდაშვილის, გიორგი წულაიას, ანა ბდეიანის, მამა-შვილ კახა და კონსტანტინე მიქაიების. ჯამში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ტროტუარზე პროტესტის გამო, ექვს აქტივისტს ემუქრება.

Share
17-01-2026
1
კაცი: 1
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი