თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ჯღარკავას 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.ე.წ. ტროტუარის საქმეზე უკვე 18 აქტივისტის სასამართლო პროცესი იყო. მათგან, 9-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 9-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.