16-03-2026
თბილისი
ტროტუარზე დგომის გამო სასამართლომ უფლებადამცველი  გიორგი გოცირიძე სამართალდამრღვევად ცნო

16 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი და უფლებადამცველი გიორგი გოცირიძე მოსამართლე დავით მაკარაძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო პროტესტის ფარგლებში ტროტუარზე დგომის გამო და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა სამართლისგან სრულად დისტანცირებულია ის რეალობა, რომელშიც ტროტუარზე დგომის ფორმით გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისათვის ადამიანს სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს.

ორგანიზაციის შეფასებით, ასეთი რეგულაციის მიღება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი აღსრულების მოთხოვნა არ შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს და წარმოადგენს ჩაგვრასა და კონტროლზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებისა და სამართალშეფარდების ინსტრუმენტს.

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

Share
16-03-2026
1
კაცი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა | სიტყვიერი შენიშვნა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი