03-07-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მელითაური დააჯარიმეს Facebook-ში მეგობრის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მელითაური, Facebook-ში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერის საბაბით, 2000 ლარით დააჯარიმეს მეგობრის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი მელითაურს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას [წვრილმანი ხულიგნობა] ედავებოდა. საქმე ეხება კომენტარს, რომელიც მელითაურმა დაწერა ტელეკომპანია “მთავარის” ერთ-ერთი პოსტის ქვეშ. “მთავარის” ეს პოსტი ეხებოდა, მელითაურის მეგობარზე, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეზე თავდასხმას. მელითაურის კომენტარი იმ პირს მიემართებოდა, რომელიც ზაზაძეს დაეხა თავს და გამოყენებული იყო გინება.  შსს-ს “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ” ეს კომენტარი ჩათვალა, როგორც მეგობრის შეურაცხყოფა და ოქმი შეადგინა.  შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიემართება შეურაცხყოფა.

„[ლევან ზაზაძის შეურაცხყოფას] მედავებოდნენ, თუმცა რომ მიხვდნენ, რომ ლევან ზაზაძეს კი არა, მის თავდამსხმელს მიემართებოდა ეს გინება, თქვეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს აგინე თუ არა, მთავარია, საჯარო სივრცეში უწმაწურ სიტყვას იყენებდიო“, – ამბობს მელითაური “პუბლიკასთან”.

საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. 

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან, 1 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც  150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.  

Share
03-07-2026
1
1
კაცი: 1
ფინანსური სანქციებიჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით (1)
სასამართლო | სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი