11-06-2026
თბილისი
მუსიკოს მაია დარსმელიძეს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის შეურაცხყოფას ედავებიან

მუსიკოსი მაია დარსმელიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ნინო ჯღარკავას შეურაცხყოფის მოტივით, სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს. მისივე თქმით, პროცესის შესახებ საჯარო კომუნიკაციის მონიტორინგის სამმართველოდან აცნობეს. “ვაშაააა, ლენტი გავჭერი. სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა. ჯღარკმა მიჩივლა და ორი სქრინია თქვენიო” – წერს მუსიკოსი.

თავად ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ მას მაია დარსმელიძის წინააღმდეგ საჩივარი ოფიციალურად არ დაუწერია. “ახლა დამირეკეს “TV პირველიდან”, ქვენ უჩივლეთ მაია დარსმელიძეს პოსტისთვისოო? ახალ სამმართველოს დაუწყია მუშაობა და ქალბატონი დარსმელიძე დაუბარებიათ სასამართლოში. მე ოფიციალურად არ მივსულვარ და არ დამიწერია საჩივარი. აქვე მოვნიშნე შინაგან საქმეთა სამინიტრო და რეაგირებაც დროულად მომხდარა, – წერს ჯღარკავა.

სასამართლო პროცესი, ამ საქმეზე, 10 ივლისსაა ჩანიშნული. ეს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარის გამო ახალი სამმართველოს მიერ წარმოებული პირველი საქმეა. ახალი სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1 ივნისიდან ამოქმედდა.  შსს-ს  განცხადებით, სამმართველოს მთავარი ამოცანა, საჯარო სივრცეში გავრცელებული, ადამიანის ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამოვლენაა, რომლებიც, შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს მოიცავდეს. 

Share
11-06-2026
1
1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა | ფინანსური სანქციები | ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი